ესენი ეპრანჭებიან დათვს, მაგრამ დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს - გია ხუხაშვილი
პოლიყოლოგი, გია ხუხაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება.
"ინტეგრაცია ჩვეულებრივ გრძელდება დათვის პრინციპით - წინასწარ თუ მოემზადები, თვითონ ჩახტები ქვაბში და კარგად მოიხარშები, დათვი ასე უფრო გემრიელად შეგჭამს, უმი ხორცის ჭამას მოხარშული სჯობს. ესენი თვითონ ეპრანჭებიან დათვს, ისიც გულში იხუტებს ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ როგორც არ უნდა გაეპრანჭო, დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს. პუტინის მიზანი დიდი ხანია ცნობილია - სსრკ-ს აღდგენა და ჩვენც პირდაპირ ვეძლევით პირში, მეტი არაფერი. ფაქტია, რომ ნელ-ნელა, რბილი ძალით მიდის ქვეყნის ოკუპაცია, რასაც "ოცნება“ მიესალმება. პუტინმა "ოცნება“ ლოიალობისთვის და იმ პოლიტიკისთვის დააჯილდოვა, რა პოლიტიკაც აქვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. მთელი მსოფლიო რუსეთს ემიჯნება და ჩვენ მას ვეხუტებით - აი, ამისთვის დააჯილდოვა ესენი“, - ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.