„რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა და თბილისი დაბომბა…“ - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა…
“ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.
შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით!
ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშორში!“- წერს ლომჯარია.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.