თეგებით ძიება

"ეჰ, რა სამწუხაროა..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და წერს, რომ ეროვნული შეგნებისა და თავმოყვარეობის პრობლემებისთვის გვაქვს ჯერ მისახედი. 

"ეჰ, რა სამწუხაროა ეს ყველაფერი… 

თან რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს, რაშიც ერთსულოვნები ვიქნებით… 

და სადაც აქამდე ითმენდნენ სავიზო რეჟიმს და შემოვლით ფრენებს ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ცოტა კიდევ მოეთმინათ და პუტინის რეჟიმის განეიტრალების შემდეგ შედარებით აზრზე მოსულ რუსეთთან დაგველაგებინა სამგზავრო და სავიზო საკითხები… 

თორემ ახლა ეს ინდულიგენცია რას ნიშნავს და რას მოასწავებს, ეგ ხომ იმათთვისაც გასაგებია, ვინც პირველივე რეისს მოასხდება მოსკოვის მიმართულებით. და ეს ყველაფერი საერთაშორისოდ აღიარებული ომის დამნაშავის, აგრესორის, მკვლელის, დიქტატორის და ბავშვების სისხლით დასვრილი პუტინის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი სიყვარულის, პატივისცემის და მამობრივი ზრუნვის გამოხატულება რომ არ არის, ესეც ხომ არ იწვევს ვინმეში ეჭვებს?! ან სულაც ეგრე რომ იყოს, ასეთი არსებისგან ნუთუ მისაღებია რაიმე საჩუქარი, მით უფრო ჩვენთვის ქართველებისთვის?! … ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანაში… 

ჰოდა, ეროვნული შეგნებისა და თავმოყვარეობის პრობლემებისთვის გვაქვს ჯერ მისახედი. 

არათუ სოლიდარობას, ელემენტარულ ჰუმანურობას ვკარგავ დღევანდელი სიახლით აღტაცებული და კონიუქტურული ვალდებულების გამო, ამ ამბის გამმართლებელი ჩემი თანამემამულეების მიმართ... 

და მაინც, რა სამწუხაროა ეს ყველაფერი… 

დიდება და გამარჯვება უკრაინას! 

მშვიდობა და დეოკუპაცია საქართველოს!", - წერს რაჭველი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა