თეგებით ძიება

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი - სალომე ზურაბიშვილი

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.

რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 ჩვენი ქვეყნიდან გასული, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია", - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა