2012 წლიდან მოყოლებული, ვახორციელებთ სტრატეგიული მოთმინების, გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას - ირაკლი ღარიბაშვილი
2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვახორციელებთ სტრატეგიული მოთმინების, გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სწორედ გონივრული პოლიტიკა მიიყვანს ქვეყანას გაერთიანებამდე, რაც ყველას მიზანი და ოცნებაა.
„ჩვენ, პატარა ქვეყანა, ასეთი გამოწვევებით, 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავ ომი, უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები, ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა.
2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას. ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ეს არის ჩემი, თქვენი, მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.