„დაწვეს ტრასაზე ხოშტარია ან შეახტეს რუსულ მანქანებს...“ - რას წერს ზაალ ანჯაფარიძე?
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს "ოცნების" ბრიფინგზე მგონი გაეცა პასუხი ყველა კითხვას უვიზო რეჟიმთან, პირდაპირ ავიამიმოსვლასთან და ევროპის სოციალისტურ პარტიაში დარჩენა/არდარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა.
რას გააპროტესტებს აწი ოპოზიცია? დაწერონ ერთობლივი უსტარი პუტინის სახელზე (ეხერხებათ დაფაზე ხელმოწერები - ნიკა გვარამიამ ასწავლათ!) ან წავიდნენ რუსეთის საელჩოს სექციასთან ან ლარსის გამშვებ პუნქტზე (კარგი ამინდია არ შესცივდებათ) და გააპროტესტონ იქ. დაწვეს ტრასაზე ხოშტარია ან შეახტეს რუსულ მანქანებს და არ შემოუშვას (ესეც ეხერხება!).
მოკლედ, საქმე მიეცათ და რომ იტყვიან Go Ahead ან Поехали!“ - წერს ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.