თეგებით ძიება

თაღლითები 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა და ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს - აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

შემდგომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული.

„ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა.

შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა