შვილმა მამა დედასა და ძმაზე ძალადობის გამო მოკლა - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შვილის მიერ მამის მკვლელობის შემზარავ შემთხვევაზე ახალი დეტალები ვრცელდება.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ცოლი მოკლულ ქმარს ძალადობაში ამხელს მკვლელობისთვის ბრალდებულ შვილს კი ამართლებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, კახა კობახიძე არასრულწლოვან ძმას და დედას იცავდა.
სოფელი უყურებდა მოძალადეს და მსხვერპლებს, რომლებიც შველას წლების განმავლობაში ითხოვდნენ. სიჩუმე დღეს დაირღვა. მას შემდეგ რაც ტრაგედია დატრიალდა. 48 წლის კობა კობახიძე მოკლულია, მისი 21 წლის შვილი კი, გისოსებს მიღმაა.
ნათია ჩარბოდაშვილი მოძალადეს არაერთხელ გაექცა. შველასაც ითხოვდა, თუმცა არა პოლიციისგან. ქალს ქმრის მუქარის სისრულეში მოყვანის ეშინოდა.
როგორც კობახიძეების ოჯახში, სოფელშიც მკვლელობის მხოლოდ ერთადერთ ვერსიას განიხილავენ - დანაშაულს მოკლულის მხრიდან თავდასხმის მოგერიებით ხსნიან.
კარგად ახსოვთ და დღეს კამერებთანაც აღარ მალავენ. ხმამაღლა ჰყვებიან, რომ არაერთხელ შესწრებიან ფაქტს, როცა მამაკაცი ცოლსა და შვილებზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. ახლა სოფელში, დაკავებული შვილის გამართლებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
დანაშაულს მხოლოდ ერთი თვითმხილველი მოკლულის არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ის სამართალდამცველებმა დღეს უკვე გამოკითხეს. მისი ძმა 21 წლის კახა კობახიძე კი, ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით ეს მუხლი გადაკვალიფიცირდეს.