ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები - იაგო ხვიჩია
„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შეფასებისას განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს დასავლეთთან ურთიერთობას.
„მგონია, რომ საქართველოს კავშირები ევროკავშირთან და დასავლეთთან, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ და ბოლო წლების განმავლობაში გავაბით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად არ შეიძლება ჩრდილის ან საფრთხის მიყენება ამ კავშირებისთვის.
ჩემი აზრით, პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული პუტინის გადაწყვეტილებით, მაგრამ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ - ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ დაგვბრალდება ჩვენი ქმედებები და მნიშვნელოვანია მანდ არ დავაშავოთ.
ჩრდილოს მოყენების ნაწილში, მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი იყო რუსული კანონის მხარდაჭერა 78 კაცის მიერ - ამან ჩრდილი მიაყენა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ასევე არსებობს გარკვეული ტიპის შეშფოთებები. მე არ ვიცი ეს სადამდე მივა, დარწმუნებული ვარ, არასაჯარო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი შიში და სიფრთხილე დასავლეთიდან მომდინარეობს იმაზე, რომ აკრძალული ტვირთები საქართველოდან არ მოხვდეს რუსეთში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.