სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური ასპექტი ახლავს, რომელიც სავალალოა გასაცნობიერებლად - გია ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
პარლამენტი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემხაურება.
მისი თქმით, ეს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური ასპექტი ახლავს, რომელიც სავალალოა გასაცნობიერებლად.
"სამართლებრივად აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას ახლავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, გასაცნობიერებლად არის სავალალო, რომ არსებობენ ადამიანები, ვისი ამოცანაც არის, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ საკუთარ ქვეყანას. სავალალოა ისიც, რომ საკმაოდ ცნობილი გვარები პოლიტიკოსებისა, თავისი განცხადებებით დაუპირისპირდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დადგმული სცენარი და საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო კოორდინირებული. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სძლია საღ აზრს.
ფაქტობრივად, ქვეყანა, რომელიც თავისი მცირე რესურსებით იგერიებს სერიოზულ შემოტევებს და გამოწვევებს გარედან თუ შიგნიდან, ისეთი არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იძულებულია თავი დაიცვას ასეთი ინტენსივობით. ეს, რასაკვირველია, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას და მის საზოგადოებას. ამ შემოტევაში ჩართულები არიან ადამიანები და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს შორის არიან ასევე უკრაინის პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წარმომადგენლები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.