გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს
გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ლიეტუვის მოქალაქეა.
გუშინ, 15 მაისს ჯომარდობის დროს, ორი ტურისტი მდინარე არაგვმა გაიტაცა. კიდევ ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარს მაშველებმა გუშინ მალევე მიაკვლიეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ წვიმების გამო მდინარე ადიდებული იყო, ტურისტები ნავებით, სავარაუდოდ, მდინარეში ჩავარდნილ ხეებს შეეჯახნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.