რა ეღირება მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებზე ბილეთები?
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე უკვე გასცა.
როგორც სააგენტო განმარტავს, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში და კომპანიაზე ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გაიცა.
ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Azimuth Airlines-ს ვებ-გვერდზე მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ბილეთები იძებნება 19 მაისს, რაც შეეხება საფასურს ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია და 23 373 რუბლი ანუ 748 ლარი და 63 933 რუბლი ანუ 2 046 ლარი ღირს. შედარებით იაფი ბილეთი მოიცავს 5 კგ ბარგს, ხოლო ძვირი - 10 კილოგრამს, ამასთან ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ძვირად ღირებული ბილეთის მფლობელებს ლოდინიც არ მოუწევთ.
რაც შეეხება თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით რეისს, Azimuth Airlines-ს ბილეთის ფასი შედარებით იაფია. კერძოდ, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა ასევე 19 მაისს 21 052 რუბლი ანუ 674 ლარი და 56 542 რუბლი ანუ 1 809 ლარი ღირს. ამ შემთხვევაშიც ბილეთებს შორის განსხვავებაა ბარგსა და ბილეთის დაბრუნების პროცესს შორის.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.
წყარო: bpn