თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს
თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგანტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.