საქართველო სრულად უზრუნველყოს საერთაშორისო სანქციების დაცვას - შალვა პაპუაშვილი
ფრენების შეზღუდვა იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომელიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს, აქეთ უნდა წავიდეს საბოლოო ჯამში რუსეთის გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არცერთი სანქცირებული კომპანია არ იქნება დაშვებული.
„ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო უზრუნველყოს სრულად საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ითქვა მკაფიოდ, რომ არცერთი ავიაკომპანია, არცერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაეშვება.
საქართველო არ აპირებს, დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს, დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს, ესეც ითქვა ცალსახად. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ აწესებს ორმხრივ სანქციებს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.