თეგებით ძიება

აგრესიული ადამიანების ჯგუფი ლევან ბერძენიშვილის სახლთან მივიდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს "დროა"?

პარტია, „დროა“ პოლიტიკოსს, ლევან ბერძენიშვილს სოლიდარობას უცხადებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, ბერძენიშვილის სახლთან, აგრესიული ადამიანების ჯგუფის მობილიზება ხელისუფლების დავალებით მოხდა. "დროა" ასეთ ფაქტებზე პასუხისმგებლობას პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებს: 

"პარტია „დროა“ სრულ და უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ლევან ბერძენიშვილს, რომლის სახლთან გუშინ მივიდა აგრესიული ადამიანების ჯგუფი, ოღონდ მივიდა არა თავისი ნებით, არამედ ხელისუფლების დავალებით. ეს არა არის პირველი შემთხვევა, როცა ლევან ბერძენიშვილზე გეშავს ხელისუფლება ადამიანებს, ბევრს გეშავს ცოტას წინააღმდეგ, ჯგუფსა და ბრბოს გეშავს ადამიანის წინააღმდეგ.

ოღონდ ხელისუფლების ამგვარ ქმედებას ახლა უკვე იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ უმრავლესობის უფლებებია დასაცავი უმცირესობისგან.

ეს განცხადება არის სიმართლის უტიფარი დამახინჯება, რადგან არ არსებობს არავითარი უმრავლესობის უფლებები, არამედ არსებობს მხოლოდ ადამიანის, ერთი ადამიანის, ცალკეული ადამიანის, პიროვნებისა და ინდივიდის უფლებები, ხოლო უმრავლესობის უფლებების გამოცხადება ღირებულებად და უმრავლესობის უფლებების დამკვიდრების სურვილი და პრაქტიკული განხორციელება, რომელიც გუშინაც მოხდა ლევან ბერძენიშვილის სახლთან, ესაა ბრბოს მმართველობის დამკვიდრება. ბრბოს მმართველობა კი მრავალრიცხოვან ჯგუფს, უფრო ზუსტად კი ბრბოს აძლევს უფლებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, ღირსება და უფლებები შეულახოს ნებისმიერ ერთ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლია მისი შეურაცხყოფა, დაჩაგვრა და მორევა თავისი ნება-სურვილის მიხედვით და, რაც მთავარია, ქართული ოცნების ხელისუფლების საამებლად.

ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მოწყობილი სამარცხვინო აქციები ისევეა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართული, როგორც არის ნიკა გვარამიას უკანონო და უსამართლო პატიმრობა.

ჩვენ უნდა დავიცვათ ყოველი ადამიანის უფლებები იმის მიუხედავად, თუ რომელ ეთნოსს, სარწმუნოებას, სოციალურ ჯგუფს ეკუთვნის იგი, ან როგორია მისი პოლიტიკური ან სექსუალური ორიენტაცია. ერთის დაცვა ყველას დაცვაა, ერთის უფლებების დაცვა არის მთელი საქართველოს დაცვა და გადარჩენა უკეთესი ანუ ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის." ნათქვამია "დროას" განცხადეაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 მაისს ლევან ბერძენიშვილის სახლთან, 20-მდე ნიღბიანი პირების თავშეყრა იყო. მათ ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ბერძენიშვილის მეუღლემ  პოლიცია გამოიძახა. თავად ლევან ბერძენიშვილი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ფაქტზე დღეს განცხადებები გააკეთეს მმართველ პარტიაში. "ოცნების" არც ერთ ლიდერს ძალადობის ეს გამოვლინება არ დაუგმია და პირიქით, თავად ბერძენიშვილს სდებდნენ ბრალს "წინაპრებისა და წმინდანების  შეურაცხყოფაში". 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა