მისასალმებელია, როცა საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას, თუმცა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა არ იქნას გამოყენებული დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
"რაც შეეხება ფრენებს, ეს იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, რუსეთმა მოხსნა ეს სანქცია და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ითქვა მკაფიოდ, რომ არც ერთი ავიაკომპანია, არც ერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაჯდება და მეორე, საქართველო არ აპირებს დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ უწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.