კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა - ალეკო ელისაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, რომ ღირსეული მთავრობა ფრენების აღდგენაზე უარს იტყოდა. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა.
ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე. იტყოდა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა და არ შეიძლება მათთან „ვალსების და ტანგოების ცეკვა“.
„რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა, რომელიც იძირება, „ფარჩაკდება", რომელიც აუცილებლად დაიშლება თვალსა და ხელსშუა, ესაა გარდაუვალი ამბავი. ამას ძალიან მალე მოვესწრებით, ისე იფშვნება შიგნიდან. პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს რუსეთის ერთიანობას, იქნება რამზან კადიროვი, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. პირველი, ვინც იტყვის, რომ სინამდვილეში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრებაო, იქნება კადიროვი, ისეთი ოღრაშია, ენა მოუტრიალდება მშვენივრად ამის სათქმელად. ამ დროს, არ შეიძლება კეთროვანთან, პოლიტიკურად ამორალურად კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა.