რა ღირს მოსკოვი-თბილისის ბილეთი?
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ „ჯორჯიან ეარვეიზი“ გახდა მეორე კომპანია, რომელმაც ქართული მხარისგან ფრენებზე ნებართვა მიიღო, რუსული „აზიმუტის“ შემდეგ.
ქართული ავიაკომპანიის ვებსაიტზე უკვე ხელმისაწვდომია თბილისი-მოსკოვის ბილეთები. ყველაზე იაფი რეისი 22 მაისსაა დაგეგმილი, ბილეთის ღირებულება, სულ მცირე, შეადგენს 824 ლარსა და 90 თეთრს.
დანარჩენ რეისებზე ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი კი 950 ლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.
წყარო: bpn