თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი და ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მიმდინარეობისას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვება შეაფასა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი და ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
"კონსულტაციების იმიტაციით ვერ გადაფარავთ იმას, რასაც აკეთებდით ერთი წლის განმავლობაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არაერთხელ მოგიწოდეთ დაგესახელებინათ თქვენთვის მისაღები კანდიდატები, რასაც შეგნებულად არ აკეთებდით. ასევე შეგახსენებთ რა ხდებოდა სახალხო დამცველის არჩევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური კომპრომისი გამოვავლინეთ, ოპოზიციონერ პარლამენტის წევრს შევთავაზეთ ეს თანამდებობა, დავეთანხმეთ უფრო სწორედ ამ ინიციატივას, ამის მიუხედავად თქვენ მხარი არ დაუჭირეთ სახალხო დამცველს. დარწმუნებული ვარ, გულში რომ ჩაიხედოთ, ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებაში, მიუკერძოებლობაში თქვენ არავის გეპარებოდათ ეჭვი, ამის მიუხედავად არათუ მხარი არ დაუჭირეთ ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, თავად ბატონმა ლევანმა აღნიშნა თავის გამოსვლის დროს, რომ აბულინგებდით სამ ქალბატონ ოპოზიციონერ დეპუტატს იმის გამო, რომ ისინი გეგმავდნენ ლევან იოსელიანისთვის მხარის დაჭერას. ეს არის თქვენი მიდგომა.
თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, დაბრკოლებები შეიქმნას ამ მიმართულებით, არ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონსულტაციების იმიტაციით თქვენ ვერ გადაფარავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვა არის ის, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას იმისათვის, რომ შემდეგ გამოიყენოთ ეს ყველაფერი იმისათვის, რისთვისაც გინდათ გამოიყენოთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე სამი წევრი აირჩია. ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო, კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია.