4-მა მოქალაქემ ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?
საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„პროკურატურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
ოთხივე პირს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.