თეგებით ძიება

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის აშკარად გარიგება იყო - ალეკო ელისაშვილი

გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე არხეინად იქცეოდნენ და ისეთი თავდაჯერებული იყვნენ, ეჭვი მაშინვე გაჩნდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის აშკარად გარიგება იყო.

„ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი ისეთ კანდიდატებს დაუჭირა, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ვინმე ტრისტან ბენაშვილი. როგორც ჩანს, რაღაც გარიგება იყო. შემდეგ თავად შერცხვათ და სხდომიდან გაიქცნენ. ბასტი-ბუბუ დატრიალდა, როგორც ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ გაუგებარ კანდიდატებს მხარს ტყუილუბრალოდ არ დაუჭერდნენ. რაღაცას რომ თითს აჭერ, იმის შნოც უნდა გქონდეს, რომ გამოხვიდე და თქვა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა