დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე - რას ამბობს გორში დაღუპული ბავშვის ექიმი?
გორში, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის მკურნალი ექიმი, ნანა ნინიაშვილი მომხდართან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ინფიცირებული ბავშის სტაბილური იყო და ბოლოს, 16 მაისს როდესაც ბავშვი გასინჯა, მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.
„საღამოს, კვირას დამიკავშირდა ტელეფონით, რჩევა მკითხა, მე დავიბარე კონსულტაციაზე და 16-ში დილის საათებში მოიყვანა ბავშვი. დამძიმებისკენ, რომ ყოფილიყო როგორ გავუშვებდი ბინაზე, დედის გადმოცემით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში იყო და თვითონ გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო, თუმცაღა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.
არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა დაავადებისა, როდესაც ხდება შინაგან ორგანოებში იგივე გამონაყარის წამოსვლა, როგორც არის გარეგნულად, ანუ კანზე, ეს იწვევს შემდეგ სეპტიურ შოკს. მე ვფიქრობ, რომ მოხდა გართულება, მეორე ტალღად განვითარდა ეს ჩუტყვავილას შეტევა. მე გავსინჯე ბავშვი, ფილტვებზე მოვუსმინე, სუნთქვა ნორმალური იყო, გულისცემა ნორმალური იყო, ბავშვი ადეკვატური იყო, აქტიური იყო, აბა სხვანაირად სახლში, როგორ გავუშვებდი" - ამბობს ნინიაშვილი „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, გორში, 4 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა გახდა. ბავშვის ოჯახი ამტკიცებს, რომ გორში ექიმები საკუთარ საქმეს გულგრილად მოეკიდნენ, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა.