თეგებით ძიება

„არ შეიძლება ასეთი დაუფიქრებლობის გამო ადამიანების სიცოცხლის განადგურება!“ - რას წერს თამაზ ლომიძე?

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ქარელში მომხდარ ავარიას, რომელსაც 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დეკანოზი, თამაზ ლომიძე:

“არ ვიცი, იქნებ ვინმე მაღალი თანამდებობის პირმა, პოლიციის მაღალჩინოსანმა ან პარლამენტარმა წაიკითხოს ეს და მოახერხოს კანონის ცვლილება.

„გუშინ ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე ორი პოლიციელი ყოფილა გვერდულა ხაზზე გაჩერებული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ავტობანზე მოძრავი მძღოლი შეეჯახა ისეთი ძალით, რომ ორივე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ამიტომ, გაიგეთ ხალხო, გაიგეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის. ეს სასიკვდილოდ საშიშია და კატეგორიულადაა აკრძალული. გერმანია ხომ ავტობანების ქვეყანაა და იქნებ ვისწავლოთ მათგან უსაფრთხოების ნორმების დაცვა. გერმანიის ავტობანებზე აბსოლუტურად დაუშვებელია და კანონითაა აკრძალული გვერდულა ხაზზე გაჩერება. რომც მოხდეს და გაგიფუჭდეს მანქანა, იმწამს, სასწრაფოდ უნდა გადმოხვიდე მანქანიდან, გადახვიდე დამცავი რელსის მიღმა და იქ, მოშორებით დაელოდო დახმარებას. გაოგნებული ვუყურებ ხოლმე საქართველოში ავტობანის გვერდულა ხაზზე გაჩერებულ მანქანებს, ზოგი სიგარეტს ეწევა, ზოგი ჭამს, ზოგი ისვენებს და ამ დროს სიკვდილი სულ რაღაც 1 მეტრში დიდი სიჩქარით დაჰქრის მათგან. საკმარისია პატარა უზუსტობა, სიმთვრალე ან შეცდომა და უბედურება გარდუვალია. არ შეიძლება ასეთი დაუფიქრებლობის გამო ადამიანების სიცოცხლის განადგურება! სასწრაფოდ აკრძალეთ ავტობანის გვერდულა ხაზზე გაჩერება! ნუ ეთამაშებით სიკვდილს!” - წერს დეკანოზი.

ცნობისთვის, ავარიას ქარელში საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა, შეჯახების შედეგად ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა