დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს ექსპერტიზის პროცესში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის ექსპერტიზის პროცესში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან.
„საქმეში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან. რაღაც გარემოებების გამო გადავწყვიტეთ, რომ ასე იქნებოდა უკეთესი, ბავშვი ლიეტუვის მოქალაქეა. ასევე დაგვპირდნენ, რომ შეეცდებიან, როგორმე დააჩქარონ ექსპერტიზის პასუხები, რომლის გამოც, ჯერჯერობით გამოძიება გაჩერებულია. ბევრ რამეს დაგვპირდნენ და ველოდებით, რამე შესრულდეს. ჯერჯერობით პასუხები ექსპერტიზის ბიუროდან არ არის. განცდა დამრჩა, რომ შეეცდებიან გააკეთონ და გაითვალისწინონ ის მოთხოვნები, რომლებიც გვქონდა, ვნახოთ“, - აცხადებს ხუტაშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს.
„ჩემ შვილს ისეთი მრავალფეროვანი დაზიანებები აქვს, რომელსაც ადამიანი თავის თავს ვერაფრით მიაყენებს. ეს დაზიანებები, დალურჯებები როგორც წინა მხრიდან, ასევე უკანა მხრიდან იყო, რასაც ადამიანი ფიზიკურად ვერ მიიყენებდა. ყელი აქვს დალურჯებული, ბავშვი არის მოგუდული“, - განაცხადა ხუტაშვილმა.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.