უკრაინის სისხლზე და საქართველოს ევროინტეგრაციის ხარჯზე უნდათ, რომ უფრო გამდიდრდნენ - გიორგი ბარამიძე
უკრაინის სისხლზე და საქართველოს ევროინტეგრაციის ხარჯზე უნდათ, რომ უფრო გამდიდრდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ აქციაზე განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.
ბარამიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
„ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ამ მთავრობის მიერ. მათი არგუმენტია, რომ ეს ფრენები აღდგეს იმ მომენტში, როცა ერთის მხრივ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი მიდის და ჩვენ მოძმე და სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანას რუსეთი ანადგურებს. აქ თურმე უფრო მეტ მოგებას მივიღებთ, ფულზე და მატერიალურ გამორჩენაზეა საუბარი. უკრაინის სისხლზე და საქართველოს ევროინტეგრაციის ხარჯზე უნდათ, რომ უფრო გამდიდრდნენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.