ყვარელში აქციაზე ენმ-ს წევრები დააკავეს - პარტია განცხადებას ავრცელებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ, სასტუმროსთან აქციაზე პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს.
ენმ ხელისუფლებას აქტივისტების გათავისუფლებისა და რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ გვსურს ისეთი განვითარებული, გაერთიანებული, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ადამიანის ღირსებისა და სოციალური უფლებების დაცვას გულისხმობს.
ყოველივე ზემოხსენებულს ძირს უთხრის რუსეთი და მისი იმპერიალისტური ზრახვები!
ამ მიზნების განხორციელების საქმეში, ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად, აგერ უკვე 2 ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის საგარეო მინისტრი - სერგეი ლავროვია.
ლავროვი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, დაკავებულია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შემზადებით, მათი სუვერენიტეტის შელახვით და დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის და ანექსიის პოლიტიკის გატარებით.
სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატია, რადგან ეს ადამიანები არათუ არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათი “მუშაობის” შედეგია საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა და ოკუპაცია.
ქართველი ხალხი აპროტესტებს საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფას და საკუთარი იდენტობის, ისტორიის და მომავლის გაქრობის მცდელობას.
ყვარელში პროტესტის გამოხატვის დროს დააკავეს:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი;
საგარეჯოს საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით დიღმელაშვილი;
გურჯაანის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, რამაზ ქერეჭაშვილი;
ყვარლის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ნიკა ღონიაშვილი;
თბილისის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ირაკლი ეძგვერაძე;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები: გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია.
დაკავებულები არიან ჩვენი პარტიის სხვა წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დამცველები და დაუყოვნებლივ დაადეპორტონ საქართველოს ოკუპაციის პოლიტიკის შემქმნელები და განმხორციელებლები.
ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას, ისწავლეთ რაიმე 7-10 მარტის მოვლენებისგან!", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში და კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.
"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.