რუსთაველის გამზირზე აქცია - "არა რუსეთს“ მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „არა რუსეთს“ მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათი ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.
"ილუზია რომ რაღაცას ვიზამთ და შემდეგ ხელისუფლება უარს იტყვის რაღაც ქმედებაზე, ეს მცდარია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პირველ ხარისხოვანის და მეორე ხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა. მთავარი მიზეზი და პრობლემა არის რეჟიმი და არა ის, რომ რაღაცაზე უარს იტყვიან ისინი. არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, მათ შორის ქალბატონი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ თურმე ქორწილი არ იქნება და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. არა! მიზეზს უნდა ვებრძოლოთ ჩვენ და მუხტი უნდა აიწიოს“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ აქციაზე.
შეგახსენებთ, პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.
"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.