ბავშვი, რომელსაც გული ერევა, პირაღმა არ ეცემა და ხის ქვეშ ვერ შევარდებოდა... მოკლულია - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში აღწერს რა მდგომარეობაში და სად იპოვა თავისი შვილი და ამბობს, რომ გოგოს სხეულზე ძალადობის კვალი ჰქონდა.
ქალი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა და ის მოკლეს.
“მე ანის დედა როგორც აქამდე ვიყავი, ისე ვიქნები ახლაც. სიმართლეს გავიგებ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ. იქ როგორ მოხვდა ის ბავშვი, რატომ მოხვდა – ძალით შეყვანილი თუ არ არის და მოკლული. ამას რად უნდა ლაპარაკი, დაზიანებებიდან და ადგილიდან გამომდინარე ის მოკლულია, ღებინება ჰქონდა და პირაღმა იწვა, ხის ქვეშ იყო შეწვენილი. აქ 100 პროცენტიდან არც ერთი პროცენტით არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სხვანაირად იყო რამე… ბავშვი, რომელსაც გული ერევა, პირაღმა არ ეცემა და ხის ქვეშ ვერ შევარდებოდა თავისით ხომ, დახრილი ხეების ქვეშ, ბავშვი იყო შეწვენილი და გასწორებული”, – ამბობს ნატო ხუტაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, ის გზა, რომელიც მოზარდმა სიკვდილის დღეს გაიარა, მისი ჩვეული მარშრუტი არ იყო. მთავარი გზის გვერდით, რომელიც ხეებსა და ბეტონის კედელს შორის არის მოქცეული, ნაგავსაყრელი, გაუვალი ბუჩქები და სარეველა ბალახია. ანის დედის ვერსიით, ძალადობა სწორედ იქ იწყება.
დედა ვარაუდობს, რომ ადევნებულმა მკვლელმა გოგო მთავარი გზიდან სწორედ ამ მიტოვებულ და მიყრუებულ ადგილას, ძალით გადაიყვანა, რადგან მისი თქმით, ვერსია – თითქოს მოზარდს გზის დამოკლება უნდოდა, – ალოგიკურია, სიბნელეში ამ ადგილას, გოგონა თავისი ნებით არ შევიდოდა.
“ბავშვი მოდის თავის გზაზე, ჩვეულებრივ ასფალტზე – აქ არის დაწეული და იძულების წესით გადაყვანილი ამ მიუვალ ადგილას, შეხედეთ – რა სიმაღლე გადასასვლელია, აქ ბავშვი თავისი ფეხით სიბნელეში, ღამით არ გადავიდოდა”, – თქვა დედამ შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში. საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება 12 წლის ბავშვის მობილური ტელეფონია, რომელიც მოზარდის ცხედრისგან მოშორებით, დამტვრეული იპოვეს. “ეწინააღმდეგებოდა ჩემი შვილი და დაუმტვრია იმან ტელეფონი, არის აბსოლუტურად ჩამსხვრეული. ბავშვი აქ ჰყავდა დაწვენილი, ფეხები იქეთ, თავი აქეთ. აქ მანქანები ძალიან ბევრია, არავინ მოძებნიდა აქ, ყველა გაშლილ სივრცეში ეძებდა – ჩემ გარდა, მე ვიცოდი, რომ მას რაღაც ცუდი სჭირდა, ვგრძნობდი”, – ამბობს დედა.
ცნობისთვის,12 წლის ანა იანუშაიტიტე 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.