თეგებით ძიება

საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიზნესმენ, ფადი ასლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს.

„ეს არ არის მარტივი და უბრალოდ შესაფასებელი ამბავი, ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ბატონი ასლი. ხედავთ ერთი მხრივ, რა პროცესები მიდის, რა დეტალებთან დაკავშირებით უნდათ დიდი ნეგატიური ნარატივის აგება და მეორე მხრივ, აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ტესტავენ, როგორ შეიძლება, საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე, ევროპულ პერსპექტივებზე და ასე შემდეგ, ილაპარაკოს ვინმემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველამ დაიმახსოვროს, ეს ნარატივი არასდროს არ გავა, საქართველოსთვის მავნებლური და მოღალატეობრივი ნარატივი არ გავა არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს. ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერმა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, და არა მხოლოდ, უნდა დაიმახსოვროს. „ნაცმოძრაობის“ კლასტერის მხრიდან ნუ ხდება გატესტვა ნარატივის, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა