ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გაათავისუფლეს
პარტია "დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
როგორც ხოშტარიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, პოლიციამ გუშინ ძალისმიერად და შეურაცხმყოფელად დააკავა აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ.
„რაც ჩვენ გუშინ ყვარელში ვიხილეთ, ეს პირდაპირ მოღალატეების მოქმედება იყო, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას ჩვენს ქვეყანაში ეცეკვათ. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა დაღუპულ გმირს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის შემდეგ მათ ძალისმიერად, შეურაცხმყოფელად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სულ ასე იქნება. მე მივედი პოლიციის თანამშრომელს დავუპირისპირდი სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი კონკრეტულად იმ მომენტში ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც ყოველ ჯერზე მიიღებენ. პოლიციელობა უბრალოდ ფორმის ქონა არ არის, პოლიციელობა არ არის ბიძინა ივანიშვილს და ლავროვს ემსახურო, პოლიციელობა არის ქვეყნის ღირსება დაიცვა და კანონი, რაც მათ დაარღვიეს ამაზე ყოველთვის რეაქცია იქნება”, - განაცხადა ხოშტარიამ.
პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.
"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.