გლდანში, 26 ძირი ხე მოჭრეს და გამწვანებული ადგილი ბეტონით დაფარეს
გლდანის მესამე მიკრორაიონში სკვერის მშენებლობის ფარგლებში, 26 ხე მოჭრეს, ხოლო იქ არსებული მწვანე საფარი ბეტონით დაფარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ გამოცემა “კაქტუსი” ავრცელებს.
“ამ სკვერის მშენებლობის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე 26 ძირი ხე მოიჭრა. მათი ნაწილი ჯანსაღი ხის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამის გადამოწმების მიზნით, “კაქტუსმა” გლდანის რაიონის გამგეობისგან გამოითხოვა მოჭრილი ხეების მდგომარეობის შესახებ მტკიცებულება – ფიტოსანიტარული შემოწმების დოკუმენტის ასლი, – რომელიც აუცილებელი დოკუმენტია ხეების მოჭრამდე, მათი შეფასების მიზნით, რომელიც კომპანიას უნდა ჰქონდეს და წარუდგინოს გამგეობას.
“კაქტუსს” მოჭრილი ხეების ფიტოსანიტარული შემოწმების დოკუმენტის ასლი არ მიუღია. პროექტის მიხედვით, პარკის ძირითადი საფარი იქნება #ბეტონი, ნაწილობრივ – #ბაზალტი და #გრანიტი.
სკვერი ნაწილობრივ დაიფარება სინთეზური კაუჩუკით, რომელიც ნიადაგის ზედაპირს დაეწებება წებოთი.
სინთეზური #კაუჩუკი არის #პოლიმერი, რომელიც, საბოლოო ჯამში, როგორც მყარი ნარჩენი, გლობალურად, გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. სინთეზური კაუჩუკი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია.
შპს “მალგიოს” დამფუძნებელი, 100% წილების მფლობელი და დირექტორი, მალხაზ ველიჯანაშვილია.
მალხაზ ველიჯანაშვილმა კომპანია შპს “მალგიო” 2017 წლის 20 ივნისს დააარსა და მისი ერთადერთი მფლობელი და დირექტორია. ველიჯანაშვილმა გვითხრა, რომ მის კომპანიას ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების გამოცდილება სწორედ ამ წლიდან აქვს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა გამგეობის ტენდერებიდან 9 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული და შესრულებული.
ტენდერში გამარჯვების შედეგად დადებული ხელშეკრულების ღირებულება 2 707 777 ლარია
ხელშეკრულება, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობასა და მალხაზ ველიჯანაშვილს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმდა და რომლის ფარგლებშიც, გარდა ამ სკვერისა, სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის აშენებაც შედის გლდანის რაიონში, კონკრეტულად მე-3 მიკრორაინში შესასრულებელი სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს, მაგრამ ამ ხელშეკრულების ერთადერთი ლოკაცია არ არის.
ხელშეკრულების დასრულების ვადა 2026 წლის 20 თებერვალია, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.