„დღეს ჩემი 72 წლის ბიძა დააკავეს!მარტოხელა, ავადმყოფი, სოციალურად დაუცველი...“ - ეკა კვესიტაძე
"მთავარი არხის" წამყვანი, ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე წერს, რომ პოლიციამ მისი 72 წლის ბიძა დააკავა. კვესიტაძე ამ დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
„დღეს ჭიათურის რაიონ სოფელ ხრეითში დააკავეს ჩემი 72 წლის ბიძა ბადრი ლოლაძე. რომელიც არის მარტოხელა, ავადმყოფი, სოციალურად დაუცველი, სახლი აქვს ნახევრად დანგრეული მიწისძვრისგან. ამიტომ ჩემი და პატრონობს და ზამთრობით თავის სახლში აცხოვრებს თბილისში. რამდენიმე კვირაა, რაც დათბა და სოფელში წავიდა სიმინდის და ლობიოს მოსაყვანად. ასე ცხოვრობს წლებია. დღეს დილით პატრულის ორი ეკიპაჟი დაადგა სახლში. დაბზარულ კედლებს შორის ძველი, დაჟანგული ლიმონკა იდოო და განყოფილებაში გადაიყვანეს და 72 წლის კაცი იზოლატორში გამოკეტეს. რომ ეთქვა, მამაჩემის იყო ეგ ლიმონკა არ დავაკავებდითო. მაგრამ უარყოფს ჩემი არ არისო. ახლა ვზივარ და თავს ვიტეხ, რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ 72 წლის კაცი და ჩემი თავის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ“, - წერს სოციალურ ქსელში ეკა კვესიტაძე.