შეიძლება „ქართული ოცნება“ მომავალში აზრზე მოვიდეს, მაგრამ... - რას ამბობს იაგო ხვიჩია?
პარტია „გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „შეიძლება „ქართული ოცნება“ მომავალში აზრზე მოვიდეს“, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.
„ამერიკელი მეგობრები მოსამართლეებს გისანქცირებენ და შენ იძახი, რომ ჩვენი მოსამართლეები მაგრები არიან, საჭირო არიან ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ხოხბები უყვართ, ალაზნის პირად რომ დაფრთხიალებენ. ხომ ხვდებით, რომ არასერიოზულია პარტნიორებთან ასეთი ტიპის ურთიერთობა. საქართველოს მთავრობა ახლა ისევე იქცევა დასავლელ პარტნიორებთან როგორც ქართველ ხალხთან იქცევა და ქართველ ხალხთან როგორც იქცევა, ჩემი აზრით, მაგას არ ჰქვია პატრიოტული ქცევა.
„ქართული ოცნება“ ყველას, გარდა რუსეთისა, ეძახის „ნაცებს“. ყველაფერს ერთად რომ შევხედოთ, ჩვენ ახლა თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი. შეიძლება ისევ შეცვალონ, მოატრიალონ, აზრზე მოვიდნენ, აღარც ქნან, მაგრამ ამწუთას რომ ასე არ არის და არანაირი ნიშანი არ არის ამისა, ეს ფაქტია.
ტურბულენტობაში გადარჩენა კი არა, უბრალოდ სიბრიყვეა ახლა რუსეთის გულშემატკივრობა. განა იმიტომ, რომ რუსი გიყვარს ან გეზიზღება, არამედ იმის გამო, რომ აგებს. F16-ებს რომ აძლევს ამერიკა უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება დაუშვა, რომ აძლევენ იმიტომ, რომ ომი წააგონ, ეს ხომ ამერიკული შეიარაღებისა და რეპუტაციის შეურაცხყოფა იქნებოდა. ცხადია, რომ ამ ომს რუსეთს არავინ არ მოაგებინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.