საქართველო! საქართველო! - რუსთაველის გამზირზე საქართველოსადა ევროკავშირის დროშები ჩამოატარეს (ფოტოები)
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება - საქართველოსა და ევროკავშირის დიდი ზომის დროშები ჩამოატარეს.
"საქართველო! საქართველო!" - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ მოქალაქეები, რომლებმაც გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშა არ არის გადმოფენილი.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.