თეგებით ძიება

საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების, დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა - დღეს როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში, დღეს ჩვენი საზოგადოება ისევე, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება- საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა. ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს.

დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია. ქართველ ხალხს ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა, დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც, კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა? ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილებისა და უიმედობის დრო ნამდვილად არ არის. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დასაცავად უკან არასდროს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა, ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება, ჩვენი გზიდან გადაგვიყვანოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა