თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ - პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს
თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია, - ამის შესახებ დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული.
როგორც პატრიარქი მიმართვაში ამბობს, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ.
„ჩვენო სულიერო შვილებო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ!
კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან, - იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. აღვნიშნავ იმასაც, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებლობისამებრ ამ მიზანდასახულობითაც იღვწის, მაგრამ მშობლების როლი არსებითია.
მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ის ქვეყანა, სადაც თქვენ და ჩვენი სხვა თანამემამულენი ამჟამად ცხოვრობთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.