ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ რეკომენდაციები შეესრულებინა - კახა კალაძე ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით
თბილისის მერმა, კახა კალაძე ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულებისთვის არაფერი გაუკეთებია.
"...რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თორმეტივე რეკომენდაცია შესრულდეს და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება. ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ეს რეკომენდაციები შეესრულებინა, არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს. ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს „ქართული ოცნების“ მიმართ ხელშეშლაა.
პირიქით, ეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. არის გადადგმული ნაბიჯები, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტ-კაბინეტში, როგორც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს იყოს, როგორც უვიზო გადაწყვეტილების მიღების დროს იყო, დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო საქართველოს სასარგებლოდ მიღებული.
დღეს ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას", - თქვა კალაძემ.