გაბრძანდით - რატომ დაატოვებინა შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა?
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა დაატოვებინა.
კამათი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, რომელთა დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნაც, ბიუროს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.
"ნაცვლად იმისა, ქვეყანაში შემოსვლას უზღუდავდნენ სანქცირებულ პირებს, რომლებიც პუტინთან და მის გარემოცვასთან არიან დაახლოებული, მათ შორის, ლავროვის შვილს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დანაწევრების და ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, ოპოზიციონერ დეპუტატებს უზღუდავენ ბიუროზე დასწრებას.
სანქციები მათ არა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, არამედ პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ უნდა გამოიყენონ, როგორც ამას მთელი თავისუფალი სამყარო აკეთებს. ნაცვლად ამისა, სანქციებს იყენებენ დეპუტატების მიმართ, მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელიც პატიმრობაში ჰყავთ, მედიამენეჯერების მიმართ, რომელიც პატიმრობაში ჰყავთ, საკუთარი ძალისხმევით არჩეული პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც იმპიჩმენტით ემუქრებიან, აშანტაჟებენ.
ეს არის რეჟიმი, რომელიც დღითი დღე უფრო ავტოკრატიული ხდება და უფრო და უფრო პრორუსული, ჩვენ ვხედავთ ქვეყნის რუსიფიკაციას, რადგან ერთადერთ რამეს, რასაც ვითხოვდი ბიუროს სხდომაზე იყო ის, რომ განხილულიყო კანონპროექტი, რომელიც მათ შორის, სანქცირებულ პირებს შეუზღუდავდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. რა თქმა უნდა, მისი მორიგ ჯერზე თაროზე შემოდება გადაწყვიტეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ბოკუჩავამ.