"არასდროს დამავიწყდება ბიძინას სიტყვები, რომელსაც 5 წლის შემდეგ პირველად ვამხელ..." - რა თქვა ივანიშვილმა გიო ხუციშვილზე?
მომღერალ, გიო ხუციშვილს 5 წლის წინ, 29 მაისს ვარსკვლავი გაუხსნეს. ფაქტს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი იხსენებს.
მოგვიანებით ოქიტაშვილმა "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურად გაამხილა, თუ რა უთხრა მას ექსპრემიერმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მას გიო ხუციშვილთან დაკავშირებით:
"შეიძლება კარგი მომღერალი იყო, მაგრამ კარგი ადამიანი ვერა და ხალხს ასე არ უყვარდე. გიო უყვარდა ყველას, მთელ ქვეყანას.
გეტყვით, რომ მისი მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, კონცერტამდე ორი დღით ადრე, სისხლი გადაუსხეს. მან თქვა, რომ ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს. და კონცერტზე ის მოძლიერდა. მობილიზებული იყო.
უბედნიერესი იყო იმ დღეს...
გიომ იცოდა, რომ ცუდად იყო და მალე დაგვტოვებდა და ის ამ კონცერტით დაგვემშვიდობა. დარბაზში იყო ემოცია, რომელიც მასთან დამშვიდობებას მოიცავდა.
ყველაზე საშინელება ის არის, ამ ქვეყნიდან რომ მიდიხარ და უძლურია ყველა, გადასარჩენად ვერაფერს აკეთებენ. ეს იყო ამ საღამოს ყველაზე მტკივნეული თემა. ჩვენ ვიცოდით, რომ გიოს ვემშვიდობებოდით და ის კი - ჩვენ გვემშვიდობებოდა...
მე არასდროს დამავიწყდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელსაც ხუთი წლის შემდეგ, ახლა თქვენთან პირველად ვამხელ. მან მითხრა, ამერიკაში გამგზავრებასა და იქაური კლინიკის ხარჯებს, მე დავფარავ, შენ მიხედე გიოსო... რასაკვირველია, გიოს ყველა მეგობარი ჩართული იყო ამ საქმეში. დავიწყეთ საბუთების გაკეთება, თუმცა კონცერტიდან რამდენიმე დღეში ის დამძიმდა. გამახსენდა მისი მკურნალი ექიმის სიტყვები, კონცერტის შემდეგ ისევ მოეშვებაო... გიო ჩაწვა და მალევე გარდაიცვალა. ვერ მოვასწარით...
მადლობა ყველას - გიოს ოჯახს, ბაკურ ბაკურაძეს, გიოს მეგობრებს, ირაკლი მეძმარიაშვილს. მაშინ ირაკლი ჭანტურიაც გიოს გვერდით იყო... ყველანი ერთად ვიყავით. მადლობა ბატონ ბიძინას გვერდში დგომისთვის და ბოდიში, რომ ასე სახალხოდ ვყვები ამ ისტორიას პირველად, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცის.
ადამიანებს სიკეთისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამ ქვეყნიდან ვერავინ ვერაფერს წავიღებთ, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.
მე მაინც მგონია, რომ გიო საიდანღაც უნდა შემოვიდეს...
მას ყველაზე დიდი ჯილდო აქვს, ხალხის სიყვარული. ეს კი აუწონავია", - აცხადებს ოქიტაშვილი.