2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში EU-მ რუსეთს 2.3 მლრდ დოლარი გადაუხადა - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ 2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში EU-მ რუსეთს 2.3 მლრდ დოლარი გადაუხადა.
"დღეს გვეკითხებიან რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული. მანამდეც გვქონდა, წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ აღედგინა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, უვიზო რეჟიმი მიანიჭეს, რუსეთის სახელმწიფო საწარმოებს მიჰყიდეს სტრატეგიული ენერგო ობიექტები, მაგრამ ამის მიუხედავად, შედარების მიზნით მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა 2.3 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში, ესაა რეალობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.