თეგებით ძიება

პოლარიზაციას სჭირდება საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო კონსოლიდაცია - ილია დარჩიაშვილი

გლობსეკის უსაფრთხოების ფორუმი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა, როდესაც საკითხი ეხება ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას, პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად ყოველ წელს იღებს გლობსეკის ფორუმში მონაწილეობას, წელსაც ტრადიციულად ესტუმრა ბრატისლავას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოწვევებზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასევე, ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც აქვს დღეს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაგვემახვილებინა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ეს არის ნომერი ერთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. ასევე პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციას მხოლოდ მთავრობა ვერ დაასრულებს და ამაზე საუბარი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილსაც.

„პირველ რიგში, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ პოლარიზაციას მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ დაასრულებს.

პოლარიზაციას სჭირდება კონსოლიდაცია, პოლარიზაციას სჭირდება საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო კონსოლიდაცია ყველას მხრიდან და არა ძალისხმევა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ საქართველო დააზიანონ ამ გზაზე. ამიტომ, პოლარიზაცია აუცილებლად დაიძლევა იმ შემთხვევაში, თუ იქნება ერთიანობა და ყველა მონაწილის მზაობა ამისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მოვუწოდებთ ყველას, რომ გადადონ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესები და მობილიზდნენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარშემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. ასევე, პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა იმაზე, რომ პოლარიზაციას მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი ასე ვთქვათ ნაბიჯი, იმისკენ რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა