თეგებით ძიება

ღარიბაშვილის განცხადება სახიფათოა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის - „სირცხვილია“

მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სახიფათოა. ამის შესახებ მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.

“ომის მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა იყო, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს” - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კითხვას, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი.

ამ განცხადების შინაარსი თავისთავად სამარცხვინოა და რუსულ პროპაგანადას იმეორებს, თუმცა იმავდროულად სახიფათოა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. 2022 წლის 25 თებერვალს ღარიბაშვილმა თქვა, რომ “უკრაინამ ომი ვერ აიცილა”. გამოდის, რომ ღარიბაშვილის აზრით, უკრაინა ომს იმ შემთხვევაში აიცილებდა, თუ ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმინისტრისგან მსგავსი განცხადება პირდაპირ მიანიშნებს მის განზრახვაზე - მოჩვენებითი მშვიდობის სანაცვლოდ, საქართველომ უარი თქვას ნატოზე და “ნეიტრალური”, ან სულაც რუსეთთან შეთანხმებული უსაფრთხოების არქიტექტურა შექმნას.

ყალბი არჩევანი ნატო-ევროკავშირსა და მშვიდობას ან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შორის, ის პროპაგანდისტული ნარატივია, რომლის გამოყენება ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და უკანასკნელ პერიოდში განსაკურებით გაააქტიურა.

უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთთან “დათმობის” პოლიტიკა დამღუპველია. ასე იყო მოლდოვის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, როცა რუსეთმა დნესტრისპირეთის ოკუპაცია მოახდინა და ასე იყო უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ პრო-რუსული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშიც, როცა რუსეთი ყირიმსა და დონბასში შეიჭრა. აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის შემთხვევაში კი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი თეორიულადაც კი არ განიხილებოდა.

სინამდვილეში, საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა სწორედ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას შეუძლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა