უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს - სალომე ზურაბიშვილი
"უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს", - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მივმართავ რუსეთს. ნურც კი ეცდებით, შებღალოთ საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს დემოკრატიისკენ სწრაფვა. მნიშვნელოვანია რუსეთისგან თავდაცვა. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ახორციელებს ჰიბირდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი საქართველოზე თავისი ზეგავლენის გაზრდას და ევროპის გავლენის შესუსტებას ცდილობს. ეკონომიკური ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს.
ამას ვერ დავუშვებთ. ვერ დაუშვებს საქართველო, ვერ დაუშვებს ევროპა. ევროპა ამის წინააღმდეგ ძალიან აქტიურად იბრძვის. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რომ აღუდგეს ამ ყველაფერს. სწორედ ამისთვის გვჭირდება კანდიდატის სტატუსი", - ამბობს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.