სავარძელი, რომელზეც დავჯექი, იყო დასვრილი, სველი, სავარაუდოდ, შარდით - რას ამბობს სამარშრუტო ტაქსის მგზავრი?
ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მგზავრი სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ მდგომარეობაზე ყვება და აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, შარდით დასვრილ სავარძელზე დაჯდა. საკითხზე დეტალებს მგზავრი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უყვება.
"რუსთავიდან ვიმგზავრე სადგურის მოედნის მიმართულებით მიმავალ მარშრუტში, რომელიც გამოდის ძველი რუსთავიდან. აღმოჩნდა, რომ სავარძელი, რომელზეც მე დავჯექი, იყო დასვრილი, სველი, სავარაუდოდ, შარდით. მძღოლისგან პასუხად მივიღე, რომ გარეცხა სავარძელი და ჯერ ალბათ არ იყო გამშრალი.
თუნდაც გარეცხილი ყოფილიყო, სველი სავარძლებით უნდა მოემსახუროს მგზავრებს? მაქვს ფოტომასალა, თუ როგორ დამისველდა თეთრი შარვალი და დაეტყო ყვითელი დიდი ლაქა.
შედეგად, მომიწია რუსთავში უკან დაბუნება და მოწესრიგება. როდესაც ძალიან ეჩქარება ადამიანს, ძალიან დიდი დისკომფორტია მსგავსი ფაქტი.
ვინმე აკონტროლებს რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსში სისუფთავეს? ისედაც სუნიან "მარშრუტკებში" ვმგზავრობთ და ახლა შარდიანი სავარძელი უნდა ვითმინოთ? ფასის გაზრდა არ მოქმედებს მომსახურების გაზრდაზე? არ უნდა იყოს დაცული სისუფთავის ნორმები? რა ზომები უნდა მივიღო ჩემი მხრიდან, რომ მძღოლის მიმართ გატარდეს მკაცრი ზომები", - აცხადებს გამოცემასთან მგზავრი.