დაუშვებელია, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გუშინდელ დაკავებებს გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ბანერების გამო პოლიციამ აქტივისტები დააკავა.