როგორ ვუმკურნალოთ ნევროზსა და უძილობას? - რეცეპტები ხალხური მედიცინიდან
გთავაზობთ ხალხური მედიცინის იმ რეცეპტებს, რომლებიც გამოგადგებათ გაღიზიანებადობის, ნევროზის, უძილობის, დაღლილობისა და სისუსტის სამკურნალოდ.
საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა პიტნის, კატაბალახას ფესვების, ძიძოს ღეროების, აგრეთვე კუნელისა და ასკილის ყვავილების ჩაი. ყველა ეს მცენარე უნდა ავიღოთ დაახლოებით თანაბარი რაოდენობით და დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გავაჩეროთ, გადავწუროთ და მივიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭამამდე 5-10 წუთით ადრე.
ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კალენდულას ჩაის. დაასხით მას 200 მლ მდუღარე წყალი. როცა გაგრილდება, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
სტრესის მოხსნასა და უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ დამამშვიდებელი მცენარეული აბაზანები ძილის წინ. ასეთი აბაზანისთვის უნდა მოამზადოთ აბზინდის, როზმარინისა და ცაცხვის ნახარში. აიღეთ ეს მცენარეები დაახლოებით 1 კგ-ის ოდენობით და დაასხით 4 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ დაახლოებით 5 წუთით, მერე ქურიდან გადმოდგით და კიდევ 15 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გადაწურეთ. ნახარში ჩაასხით თბილ აბაზანაში. დამამშვიდებელი აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ კვირაში ერთხელ, უშუალოდ ძილის წინ. აბაზანის ხანგრძლივობაა 20-25 წუთი.
ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბარამბოს ნაყენის აბაზანას. აიღეთ 5 სუფრის კოვზი ბარამბო, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, მერე გადაწურეთ და წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით. დამამშვიდებელი აბაზანის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი.
ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად კარგია ეს არომატული აბაზანაც: აიღეთ ბარამბო - 1 წილი, როზმარინი - 1 წილი, სალბი - 1 წილი, ლავანდა - 1 წილი, პიტნა - 1 წილი. 500 გრამ ნარევს დაასხით 3 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია. პროცედურის კურსი 8-15 აბაზანას მოიცავს.
დიდი ტევადობის ჭურჭელში ჩაყარეთ 3,5-4 კგ ნაძვის წიწვები, დაასხით 6 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ნახარში გადაწურეთ. აბაზანაში ჩაასხით ნახარში და 1 კგ ზღვის მარილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ვალერიანიც. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს +370C. აბაზანა მიიღეთ ნახევარი საათის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ, რის შემდეგაც მიირთვით მცენარეული ჩაი: 2 წილი სვიის გირჩა, 1 წილი გვირილა, 1 წილი ვალერიანის ფესვები, 1 წილი ბარამბო. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და დალიეთ 1 კვირის განმავლობაში. ჩაიში შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კუნელის ნახარში და დააყოლოთ შოკოლადი და ქიშმიში.
შერყეული ნერვული სისტემის სამკურნალოდ ეფექტურია კუნელის გამხმარი ნაყოფის ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი, მერე გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი დილით, შუადღისას, საღამოს და უშუალოდ ძილის წინ. ეს ჩაი, გარდა იმისა, რომ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, თავბრუხვევას, ქოშინს, ჰიპერტონიასაც უხდება.
თუ ჭარხლის წვენს შეურევთ თაფლს 1:1 თანაფარდობით, შესანიშნავ დამამშვიდებელ საშულებას მიიღებთ. ეს ნარევი შეგიძლიათ მიიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
ბევრი მომატებულ აღგზნებადობასა და გაღიზიანებადობას კატაბალახას ნაყენით ებრძვის. 1 სუფრის კოვზი კატაბალახას ძირი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნაყენი მთელი ღამით გააჩერეთ, მერე კი მიიღეთ დღეში 3-ჯერ მესამედი ჭიქა. გაითვალისწინეთ: მკურნალობა არ შეიძლება გააგრძელოთ 2 თვეზე მეტხანს.
ხალხურ მედიცინაში დამამშვიდებელ საშუალებად დიდი ხანია წარმატებით იყენებენ თავშავას. ამ მცენარის ნაყენი ამცირებს გულისცემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას. დამაშვიდებელი ეფექტით თავშავა კატაბალახასაც კი ჯობს.
1 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
უჩვეულო, მაგრამ ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა ყვავილის ფურცლების ნაყენი. 1 ჩაის ჭიქა წყალზე აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი გლადიოლუსის და თეთრი ვარდის ფურცელი და 2 სუფრის კოვზი თეთრი ფლოქსის ფურცელი. დააყენეთ სიბნელეში1 კვირით და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
წყარო: mkurnali.ge