სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ ტელეარხ France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია.
ხაბეიშვილის განმარტებით, ის არ ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებას, რომ სააკაშვილს ელექტრონული სამაჯური გაუკეთდეს.
„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პერეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] კარგად უნდა მოუარონ და ამას ხმამაღლა ვამბობდი - ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება”.