რუს ტურისტს აფხაზეთში ქვა დაეცა და ადგილზე დაიღუპა
ოკუპირებული აფხაზეთის ბზიფის ხეობაში, ქვების ჩამოვარდნის შედეგად რუსი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ქვები კლდიდან ჩამოცვივდა და ავტომობილ „უაზს“ დაეცვა, რომელშიც იმ მომენტში ტურისტები იმყოფებოდნენ.
დაღუპული რუსეთის პენზის ოლქის 27 წლის მკვიდრია. ინციდენტი იუფშარის კანიონში მოხდა, რომელიც რიწის ტბასთან მდებარეობს. ამ ადგილას გზა კლდეებს შორის გადის და ორ კლდეს შორის მანძილი მხოლოდ 20 მეტრს შეადგენს.
შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.