თეგებით ძიება

თეიმურაზ ვარშანიძემ ერთ-ერთი ოფიციანტის დარბაზიდან გაძევება სცადა, რა დროსაც წააქციეს და ურტყეს, აქვს დაზიანებები - რას ამბობს „რეტროს“ მფლობელის ადვოკატი?

რესტორან “რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა იმ თანხის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები რესტორანში რამდენიმე წელია მუშაობენ და მათი მხრიდან არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგან მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დანარჩენი 32 საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული პირები 6-7 წელია დასაქმებულია და მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ და რომლის განაწილებაშიც ადმინისტრაცია საერთოდ არ ერევა.

მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ სტაჟიორს ამ „ჩაიდან“ გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ამას არაერთი მოწმე ადასტურებს. რაც შეეხება ბრალდებულს, მან განაცხადა, რომ ეს იყო კომპანიაში დადგენილი წესი, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შემდეგ, მან სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი ოფიციანტი, რა დროსაც თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ ამოიღეს და გამოძიებას სრულად გადაეცა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. რაც შეხება თავად ბრალდებულის დამნაშავეობას, ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, -განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა