უკრაინის მოსახლეობა 29 მლნ-მდე შემცირდა
უკრაინის მოსახლეობა 29 მლნ-მდე შემცირდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და აღარ დაბრუნებულა 8,6 მლნ ადამიანი. "უნიანის“ ცნობით, ამ ინფორმაციას უკრაინის მომავლის ინსტიტუტი აქვეყნებს.
"აქედან მუშაობს მხოლოდ 9,5 მლნ უკრაინელი, თუ საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებს გამოვაკლებთ, 6-7 მლნ ადამიანი რჩება. ანუ, სწორედ ეს ადამიანები დანარჩენ 22-23 მილიონს "მიათრევს“ - პენსიონერებს, მოსწავლეებს, უმუშევრებს, საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებს და უბრალოდ უსაქმურებს“, - წერია ინფორმაციაში.
გაეროს ინფორმაციით, ომამდე უკრაინაში 36,7 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. მაშინაც შობადობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი იყო და 2,19 შეადგენდა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.